Print PDF

,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“(GSCE)

გამოცდილებები


,,საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“(GSCE) ქართველი მეცნიერები მოთავეენი იყვნენ XX საუკუნეში ყოფილ სსრკ ტერიტორიაზე სეისმომედეგი მშენებლობის ნორმებისა და წესების მეცნიერული საფუძვლების ჩაყრაში, მათი სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ევროპისა და მსოფლიოს მრავალ საერთაშორისო კონგრესზე.

ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს საქართველოს საინჟინრო აკადემია, სადაც ტექნიკისა და ტექნოლოგიების ახალი სახეობების, კონსტრუქციების, ეკონომიკური მეთოდების დამუშავებასა და შექმნაში ჩაბმული არიან რესპუბლიკის წამყვანი მეცნიერები და ინჟინრები.

ჩვენი სპეციალისტების სამეცნიერო ნაშრომები და გამოგონებები დანერგილია კოსმოსის ათვისების საქმეში, სახალხო მეურნეობის მრავალ მიმართულებაში.

1978 წელს საქართველოში დაპროექტებული და აშენებულია ევროპაში ერთ-ერთი მაღალი უნიკალური ინგურის თაღოვანი კაშხალი, სიმაღლით 272,5 მ, რომელიც განხორციელებულია ურთულეს მთიან ტერიტორიაზე, 9 ბალიან სეისმურ ზონაში.

ჩვენთან აგრეთვე დაპროექტებულია და აშენებულია მრავალი მაღლივი დიდმალიანი, რთული კონსტრუქციული სისტემები: ტელეანძა, სპორტული ნაგებობები, სამრეწველო, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი მრავალსართულიანი შენობები და სხვა. ნაგებობებში გამოყენებულია ფოლადისა და რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციული სისტემები, დაპროექტებული 7, 8, 9 ბალიან და მაღალი ინტენსივობის ქარის დატვირთვებზე.

ქართველი ინჟინერ-კონსტრუქტორების მიერ შექმნილი უნიფიცირებული კარკასულ-პანელური კონსტრუქციები მასობრივად იყო დანერგილი ყოფილი სსრკ-ს თერთმეტ რესპუბლიკაში, (ამჟამად დამოუკიდებელ ქვეყნებში), რომლებიც მაღალი სეისმომედეგობით გამოირჩევიან. ამ სანდო და მდგრად სისტემაში შენდებოდა ასობით ათასი საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და სამრეწველო მრავალსართულიანი შენობები.

იუგოსლავიის შემდეგ, ჩვენში პირველად დაინერგა, ჩვენს მიერვე დამუშავებული, მშენებლობის პირობებში წინასწარდაძაბული კარკასული მრავალსართულიანი შენობების ინდუსტრიული ნაკეთობები, რომლებიც ეკონომიურობითა და მონტაჟის სიმარტივით ყველა ცნობილ მეთოდს აჭარბებდა.

ამჟამად საქართველოში, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყანაში მიმდინარეობს ფართო მშენებლობა, კერძოდ, შავი ზღვის და მთის კურორტების, აეროპორტების, საზღვაო პორტების, გზებისა და სხვა.

აღსანიშნავია 2011 წლის საქართველოში აშენებული საუკეთესო ობიექტების ნომინაციაში გამარჯვებული უნიკალური ნაგებობა ,,სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი“, რომელიც დაპროექტებულია ინჟინერ-კონსტრუქტორის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნოდარ ედიშერაშვილის ავტორობით. (გერმანელი არქიტექტორი იურგენ მაიერი).

 

Last Updated on Friday, 20 April 2012 08:47